დღეიდან 4 სექტემბრამდე დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს
დღეიდან 4 სექტემბრამდე დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე:

შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;

იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

ამასთან, საჯარო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საბჭომ კერძო დამსაქმებლებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მაქსიმალურად მკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას ექვემდებარებიან დალუქვას.