დევნილებს, რომლებიც ბინების გადაცემის მოთხოვნით ზუგდიდში აქციას მართავენ, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი ხვდება
დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში, დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ ოფისთან აქციას მართავენ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია ხვდება.
მურად აბლოთიას თქმით, ამ ეტაპზე 240-მა ოჯახმა მიიღო ბინა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ნგრევად ობიექტებში და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობდნენ. ასეთი 101 ოჯახია. ასევე, ბინები გადასცეს 139 ოჯახს ქულების მიხედვით. მისივე თქმით, სულ 6 000-მდე განცხადება იყო შესული.
„სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ყველა უკმაყოფილო ოჯახს. მომავალ წელს კი კიდევ 360 ოჯახი მიიღებს ბინას“, – აცხადებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს რეგიონალურ ოფისთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.