ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს, აქცია გამართეს
ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს, აქცია გამართეს

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს, დევნილთა სამინისტროს რეგიონულ ოფისთან აქცია გამართეს. ისინი ახსნა-განმარტებას დევნილთა და განსახლების სამინისტროსგან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება და აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ ავარიულია. თუმცა, მათივე მტკიცებით, ამის მიუხედავად, დაბალი ქულები მიიღეს და ბინების გარეშე დარჩნენ.

აქციაზე ერთი ქალი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ადგილზე 50-მდე პოლიციელი რჩება მობილიზებული.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ჯერ არ გამოჩენილან.