დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების, „თუნდაც სწავლებისთვის“, გაგზავნის წინააღმდეგია
დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების, „თუნდაც სწავლებისთვის“, გაგზავნის წინააღმდეგია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების, „თუნდაც სწავლებისთვის,“ გაგზავნის წინააღმდეგია.

„საწვრთნელი მისიის ჩატარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ უმჯობესია. ბრიტანეთში ჩვენ 60 ათასი უკრაინელი სამხედრო გადავამზადეთ“, – განაცხადა ქემერონმა.

მისი თქმით, უკრაინაში სამხედროების გაგზავნა რუსეთისთვის სამიზნეებს შექმნის.

„ჩვენ უნდა მოვერიდოთ პუტინისთვის აშკარა სამიზნეების შექმნას“, – ამბობს ქემერონი.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ მისი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო. უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთი კომენტარი 9 მარტს გააკეთა და აღნიშნა, რომ „როდესაც რამეს არ გამორიცხავ, ეს არ ნიშნავს, რომ გააკეთებ“.