დევიდ მაკალისტერი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ ქვეყანა
დევიდ მაკალისტერი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ ქვეყანა

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიას, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ საქართველო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომელიც თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტართა დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, როგორ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ ვართ ევროპარლამენტის დელეგაცია. ამ კვირაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ვსტუმრობთ და დღეს საქართველოში ვართ, საქართველოს ისტორიისთვის გადამწყვეტ ფაზაში. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, როგორ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ევროკომისიამ ჩამოაყალიბა მოსაზრება, სადაც წარმოდგენილია 12 რეკომენდაცია და ახლა საქართველოს მუშაობაზეა დამოკიდებული ამ 12 რეკომენდაციის შესრულება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა. ჩვენი გზავნილი, ისევე როგორც ევროპარლამენტის, არის ის, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიას, იმუშაონ ერთად, რომ კონკრეტულად შეასრულონ ეს 12 რეკომენდაცია, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ საქართველო. ჩვენი მოწოდება ამ ქვეყნის ყველა პოლიტიკოსის მიმართ არის – იმუშავეთ ერთად, შეეცადეთ, გადალახოთ უთანხმოება, შეეცადეთ ნაკლებად პოლარიზებული გარემოს შექმნას და იმუშავეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე მოქალაქეთა და თქვენი ქვეყნის სასარგებლოდ“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად სწორია, რომ ოპოზიცია არ უერთდება რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესს, მაკალისტერმა განაცხადა:

„ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ ამ პარლამენტში. ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა განსხვავებული პოზიციები აქვთ პარტიებს. ზოგიერთ ამ შეკითხვას მათთან საუბრის შემდეგ გაგცემთ“, – აღნიშნა მაკალისტერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო.