დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ
C ჰეპატიტის ახალი კამპანიის „შენ C“ ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მემორანდუმის გაფორმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას გულისხმობს და სწორედ ამიტომ, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მოხდება.
დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ცნობილი მევიოლინის, დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ. კონცერტი 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანია ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება.
დღევანდელი მონაცემებით, სკრინინგი საქართველოში 1 700 000 მოქალაქეს აქვს ჩატარებული. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.