დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ
დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ

C ჰეპატიტის ახალი კამპანიის „შენ C“ ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.

​როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მემორანდუმის გაფორმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას გულისხმობს და სწორედ ამიტომ, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მოხდება.

დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ცნობილი მევიოლინის, დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ. კონცერტი 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანია ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება.

დღევანდელი მონაცემებით, სკრინინგი საქართველოში 1 700 000 მოქალაქეს აქვს ჩატარებული. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.