დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს
დელფინების გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს.

გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.

სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე (153).

მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დროული რეაგირება და გამორიყვის კონკრეტულ ადგილზე ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.