დეკანოზი შალვა კეკელია - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებამდე, მის ოჯახში ყოველდღე ჩამოვალთ
დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებამდე, ტატუნაშვილის ოჯახს სასულიერო პირები ყოველ დღე ესტუმრებიან, – ამის შესახებ დეკანოზმა წილკანში განაცხადა, სადაც სასულიერო პირები არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ.
„სამწუხარო ამბავი მოხდა, ჩვენი გმირი, ვაჟკაცი ადამიანი გარდაიცვალა, ჩვენ სასულიერო პირებმა გადავწყვიტეთ, ჩამოვსულიყავით, ნუგეში გვეცა ოჯახისთვის და პატივისცემა გამოგვეხატა მათ მიმართ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია, მთელი ერის ტრაგედია, მაგრამ იმედი გვაქვს, ის ადამიანები, ვის ხელშიც დღეს მისი წმინდა სხეულია, დაგვიბრუნებენ ამ სხეულს და დააბრუნებენ ცხედარს. მაგრამ ჩვენ ერთი ნუგეში გვაქვს, რომ არჩილის სული არის იქ, სადაც ჩვენი მართალი წინაპრები განისვენებენ, სადაც არიან წინაპრები, იმათ წიაღს შეუერთდა არჩილის სული. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დღეს დიდ სიხარულშია, მისი სული მარადიულ სიხარულშია“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
რაც შეეხება ინფორმაციას, გაიგზავნა თუ არა უკვე საპატრიარქოდან რუსეთის საპატრიარქოში წერილი, მამა შალვა ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ჩვენ ვაპირებთ, ყოველდღე ჩამოვიდეთ ამ ოჯახში და გამოვუცხადოთ ჩვენი უღრმესი პატივისცემა, სინანული, დამოკიდებულება, სიყვარული, მარტო რომ არ იგრძნონ თავი და რომ ეს ტკივილი მარტო მათი ტკივილი არ არის და თითოეული ჩვენგანის ტკივილია. ვაპირებთ, მოძღვრებიც გადავანაწილოთ და ჩამოვალთ ყოველდღე, სანამ არ გადმოსვენდება და გადმოსვენების დღეს ყველანი აქ ვიქნებით“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.