ანდრია ჯაღმაიძე - სულ უფრო მკაფიოა შთაბეჭდილება, რომ სავარაუდო ფარული მიყურადების გასაჯაროებაში ჩართული ძალები ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ
სავარაუდო უკანონო მოსმენების დეტალები უნდა იყოს გამოძიებული და როდესაც მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება, იქნება შესაძლებელი დასკვნების გაკეთება, – აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თემის კომენტირებისას.
ის ასევე აღნიშნავს, რომ უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯარობა სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა.
„სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ.
სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.
საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.
პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.