დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ რეალობის გათვალისწინებით გადაწყვეტილებები შეიცვალოს
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიღებამდე სპეციალისტებთან კონსულტაცია გაიარა. კონკრეტულად, მისი თქმით, გუშინ შეხვედრა შედგა ამირან გამყრელიძესთან.
ამასთან, დეკანოზი არ გამორიცხავს, რომ რეალობის გათვალისწინებით გადაწყვეტილება შეიცვალოს.
„როდესაც ხდება ავადმყოფის ზიარება ადგილზე, იქ ცოტა სხვა ფორმა აქვს ამ წესს. სწორედ ეს იგულისხმება, რომ კარანტინში იქნება, თვითიზოლაციაში იქნება, თუ საავადმყოფოში, მოძღვრები მზად არიან, მივიდნენ და მსურველები აზიარონ.
რეალობიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ სხვა რეკომენდაციებიც გაიცეს, წინასწარ ძნელია ამაზე საუბარი, დაველოდოთ. ჩვენ რეკომენდაციები მოვისმინეთ. ჩვენ არ გადავდივართ იმას, რაც ჩვენ გვითხრა ბატონმა ამირან გამყრელიძემ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ, მაგალითად, რუსეთის ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალა, რაღაც შეიცვალა, მაგრამ ზიარების წესი არ შეუცვლია. იმ ვითარებაში, როდესაც სხვადასხვა ეკლესია ცვლის მსახურების რაღაც ფორმებს, ჩვენ ვხედავთ რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებას, დაწყებული იქიდან, რომ მსახურებები შეჩერდა, დამთავრებული იმით, რომ საერთოდ არაფერი შეცვალეს ეკლესიებმა, ძალიან განსხვავებული დამოკიდებულებებია. ალბათ, ეს გამოწვეულია იმ მდგომარეობით, რაც იქ იმ წუთას ხდება. ამიტომ, დაველოდოთ, ჩვენც გვაქვს ადეკვატური დამოკიდებულება“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.