საქართველო საიდუმლო მარგალიტია, – ამ სათაურით სტატიას „დეილი მეილი“ აქვეყნებს. ავტორის თქმით, ერთ დროს საბჭოთა კავშირის წევრი საქართველო, დღეს „მშვიდი და მომხიბვლელი ადგილია ისტორიის მოყვარულთათვის“.
„ჯონ სტეინბეკი ამბობს, რომ საქართველოში მას აჯობეს ჭამაში, დალევაში, სიმღერასა და ცეკვაში. 1948 წელს ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად ვიზიტის დროს, სტეინბეკმა თქვა, რომ ქართველებს გაუტეხელი სული აქვთ. საქართველოს რთული ისტორია აქვს და ქართველების სულს გამოცდა არაერთხელ მოუწყვეს რუსებმა, თურქებმა, მონღოლებმა და სპარსელებმა“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაცია აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები პრობლემებით იყო აღსავსე. „საქართველოში პრეზიდენტი პუტინი არ მოსწონთ, თუმცა კონფლიქტი 2008 წლის შემდეგ აღარ ყოფილა“, – აცხადებს სტატიის ავტორი.
მისივე თქმით, ახლა საქართველო მემარჯვენე ცენტრისტული „ქართული ოცნება“ მართავს და ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს.
„სტუმართმოყვარეობა საქართველოს სავიზიტო ბარათია – რუსეთსა და თურქეთს შორის მოქცეული ქვეყნის მცხოვრებლები ცდილობენ დაგათვალიერებინონ ისტორიული ადგილები, რომელიც საქართველოში უამრავია და ასევე, მოახდინონ თქვენზე კარგი და თბილი შთაბეჭდილება. ტაქსის მძღოლმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ანაზღაურებაზე, ხოლო კაფეში მეზობელი მაგიდაზე შეიძლება უცებ სიმღერა წამოიწყონ“, – წერს „დეილი მეილი“.
როგორც სტატიის ავტორის აღნიშნავს, ქართული სამზარეულოა „განუმეორებელია“. „თქვენი ჭიქა ყოველთვის სავსე იქნება სახლში დაწურული ღვინით ან ჭაჭით“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ტურისტებს ურჩევს აუცილებლად ესტუმრონ თბილისსა და მცხეთას. პუბლიკაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა წინანდლის სასახლის აღწერას.
„ბოლშევიკებს არასდროს მოსწონდათ მდიდრული სასახლეები, მთავრები ან პოეზია, ამიტომ საოცრებაა, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის წინანდლის სასახლე, რომელიც ღვინის რეგიონში, კახეთში მდებარეობს, დღემდე შემორჩა. ქართული რომანტიზმის ფუძემდებელ ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ 1835 წელს აღდგენილ სასახლეში ახლა მუზეუმი მდებარეობს, ხოლო ვენახში, სადაც 11 ძირძველი ჯიშის ყურძენი მოდის, 150 000 ბოთლი ღვინოს ასხამენ“, – წერს „დეილი მეილი“.
„დეილი მეილი“, ასევე ურჩევს მოგზაურებს აუცილებლად მოინახულონ სტეფანწმინდა და ჯუთას ველი და ესტუმრონ ქუთაისს.