დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილას პოლიეთილენის პარკები აღმოაჩინეს - დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს
დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილას პოლიეთილენის პარკები აღმოაჩინეს - დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს

კაცობრიობის ტოქსიკურმა დამოკიდებულებამ პლასტმასზე, გასაოცარ სიღრმეებს მიაღწია.

ახალი კვლევის ფარგლებში, ანალიზები ჩაუტარდა ოკეანის უღრმეს წერტილებში აღმოჩენილი ხელოვნური ნაგვის მონაცემებს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. შედეგად, ამ შორეულ, სუსტ ეკოსისტემაში პლასტმასის 3 500 ნამტვრევი იპოვეს.

თუკი მტკიცებულებები იყო საჭირო, რომ ჩვენს დაბინძურებულ პლანეტაზე ხელუხლებელი ადგილი აღარ არსებობს, ახლა უკვე გვაქვს — დედამიწის ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილას, მარიანას ღრმულში, 10 898 სიღრმეზე, პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი აღმოაჩინეს.

მარიანას ღრმულში წარმოდგენილია სიცოცხლის ყველაზე უცნაური ფორმები, რომელთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. როგორც ჩანს, მისი მიუწვდომელი ადგილმდებარეობა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადგილი დაბინძურებას გადარჩებოდა.


ახალ კვლევაში, რომელსაც იაპონიის დედამიწა-ზღვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (JAMSTEC) უძღვებოდა, ანალიზები ჩაუტარდა მათ მიერ შეგროვებულ ღრმა ზღვის ნაგვის მონაცემთა ბაზას. ეს მონაცემები შეიცავს ზღვის სიღრმეებში არსებული ნარჩენების შესახებ შეგროვებული ჩანაწერების ვრცელ არქივს.

წყალში 5010 ჩასვლის შედეგად შეგროვებული მონაცემების გაფილტვრის შედეგად, ჯგუფმა დაითვალა ადამიანის გაკთებული ნივთების 3425 ნარჩენი. მესამედს შეადგენდა მაკროპლასტიკა — საკმაოდ დიდი, 5 მმ-ზე მეტი სიდიდის პლასტმასები.

გარდა მაკროპლასტიკის ამ ნარჩენებისა, 90 პროცენტი ერთჯერადი მოხმარების პლასტმასი იყო.

მკვლევართა მიერ გაანალიზებულ ნაგვის ათასობით ფოტოსა და ვიდეოში, ღრმა ზღვის ორგანიზმები 17 პროცენტში შენიშნეს — დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ჩვენი დაუდევრობა ოკეანის სიცოცხლეს სასტიკად აზეიანებს.

იმის გამო, რომ ჯგუფის მონაცემთა ბაზა მოიცავს მხოლოდ ზღვის ფსკერის და არა ზედაპირისა და შუა ნაწილების ვიზუალურ მონაცემებს, მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს პრობლემის მხოლოდ უმცირესი ნაწილია და სინამდვილეში, საქმე გაცილებით უარესადაა.


„გამომდინარე იქიდან, რომ ზღვის სიღრმეები მოლივლივე პლასტიკის ნარჩენების საბოლოო დანიშნულების ადგილია, მათი გავრცელება დასახლებული სანაპირო ზონებიდან ძალიან შორს, ასე ღრმად, ეჭვგარეშეა, რომ პლასტიკური ნარჩენები გაცილებით დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი მთელ წყალში და ზღვის მაღალ ზონებში“, — წერია კვლევაში.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებმა გვიჩვენეს ოკეანის დაბინძურების პრობლემის მხოლოდ ყველაზე ღრმა, ჩაძირული მტკიცებულებები.

ეს ნაგავი ხოცავს ვეშაპებს, იჭედება მარჯნის პოლიპებში, ერთიანდება გიგანტურ ჯგუფებად და ხშირად, მოჩვენება-კუნძულებადაც კი გადაიქცევა.

მკვლევართა თქმით, ამ პრობლემის კიდევ უფრო გაუარესების თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის პლასტიკის ერთჯერადი პროდუქციის წარმოების რეგულირება.

კვლევის შედეგები ჟურნალ Marine Policy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencedirect.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით