დედამიწის მაგნიტური ველი ფრიად დახვეწილია პოლარულობის გადანაცვლების საკითხში. პლანეტის ისტორიის მანძილზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა მრავალჯერ გაცვალეს ადგილები.
სულ მცირე ბოლო 20 მილიონი წლის განმავლობაში, დედამიწამ წარუმატებლობა განიცადა პოლუსების ყოველ 200 000-300 000 წელიწადში ცვლილების საკითხში. ხანდახან ხდება ისიც, რომ პოლუსები გადანაცვლებას ცდილობენ, მაგრამ ისევ საკუთარ ადგილებს უბრუნდებიან.
დაახლოებით 40 000 წლის წინ, პოლუსებმა გადანაცვლება წარუმატებლად სცადეს. ბოლო სრული გადანაცვლება კი 780 000 წლის წინ მოხდა. აქედან გამომდინარე, პოლუსების გადანაცვლების ზოგად ხასიათზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უკვე ცოტას აგვიანებს.
პლანეტის მაგნიტური ველი უკვე გადაადგილდება, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ პოლუსები დაძვრისთვის ემზადება და იქიდან გამომდინარე, რომ არ შეგვიძლია დავადასტუროთ პოლუსების გადანაცვლების ახლო ჰორიზონტზე ყოფნა, გამორიცხული არაფერია.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ისტორიისთვის პოლუსთა გადანაცვლება სულაც არაა უცხო, ამჯერად, მას კაცობრიობისთვის შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
იმის გასარკვევად, არის თუ არა გადანაცვლება მოახლოებული, მეცნიერებმა დაიწყეს თანამგზავრული ფოტოგრაფიის გამოყენება და კომპლექსური გათვლები, რათა შეისწავლონ მაგნიტური ველის გადაადგილება.
აღმოაჩინეს, რომ გამდნარი რკინა და ნიკელი ენერგიას უშვებენ დედამიწის ბირთვის კიდეებთან არსებული დიპოლიდან; სწორედ ამ ადგილას გამომუშავდება პლანეტის მაგნიტური ველი.
მკვლევრებმა ასევა გაარკვიეს, რომ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი განსაკუთრებით მშფოთვარე და არაპროგნოზირებადია. თუკი მაგნიტური ბლოკები ისე ძლიერი გახდება, რომ საკმარისად დაასუსტოს დიპოლი, პოლუსების გადანაცვლება ოფიციალურად დაიწყება.
მართალია, შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ გადანაცვლება ძალიან ახალ მომავალში მოხდება, მაგრამ დედამიწის ბირთვში მიმდინარე ეს აქტივობა გვაფიქრებინებს, რომ ცვლილება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. საინტერესოა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს პოლუსთა გადანაცვლებამ ჩვენს სიცოცხლეზე?
დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტას იცავს მზისა და კოსმოსური გამოსხივებისგან. პოლუსების გადანაცვლებისას, ეს დამცავი ფარი შეიძლება ჩვეულებრივზე ათჯერ შესუსტდეს.
გადანაცვლების პროცესმა შესაძლოა საუკუნეებს გასტანოს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადიაცია პლანეტას გაცილებით მიუახლოვდება.
თანდათანობით, რადიაციამ შეიძლება დედამიწის ზედაპირს მიაღწიოს, ზოგიერთი რეგიონი სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი გახადოს და გამოიწვიოს მთლიან სახეობათა გადაშენება.
სანამ ეს მოხდება, შესუსტებული მაგნიტური ველი დააზიანებს ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრებს, რომლებმაც წარსულში უკვე არაერთხელ განიცადეს მეხსიერებისა და სხვა დაზიანებები გაძლიერებული რადიაციის დროს.
დამცავი მაგნიტური ველის შესუსტების შედეგად დაზიანებული თანამგზავრები დიდ საფრთხეს წარმოადგენს თანამგზავრული დროის სისტემებისთვის, რომლებიც ელექტროსისტემებს აკონტროლებს.
ელექტროსისტემის კრახი გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბის ჩაბნელებებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ექსპერტთა პროგნოზით, ეს სიტუაცია ათწლეულებს გასტანს.
ელექტროსისტემის ფუნქციონირების გარეშე, ვერ შევძლებთ მობილური ტელეფონების გამოყენებას, საშინაო საქმეების შესრულებას და ა. შ. ელექტრონერგიის უცაბედი გათიშვები განსაკუთრებით დააზიანებს საავადმყოფოებს და საფრთხეს შეუქმნის იქ მყოფ უთვალავ სიცოცხლეს.
ასევე შეფერხდება GPS ტექნოლოგია, რაც მწყობრიდან გამოიყვანს ყველაფერს, სამხედრო ოპერაციებიდან დაწყებული, ჩვენი მანქანების სანავიგაციო სისტემებით დამთავრებული.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ისიც, რომ დღიდან-დღემდე, უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით ტექნოლოგიებზე — გვყავს ავტოპილოტიანი მანქანები, ჩვენს ხელთაა ხელოვნური ინტელექტი და სხვა სწრაფად განვითარებადი მოწინავე ტექნოლოგია.
ყველა შემთხვევაში, იმ დროს, როცა პოლუსები გადანაცვლებას დაიწყებს, ეს ინოვაციები ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი იქნება, რაც მიყენებული ზიანის პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის.
ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც მონაცემები, ინფორმაცია ყველაფერზე ბატონობს. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას, როგორ ვმოძრაობთ პლანეტის გარშემო, როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობები და კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურა, როგორ ვაგზავნით და ვინახავთ მონაცემებს — თუკი ჩვენი ხელოვნური თანამგზავრები დაზიანდება ან შეამცირებს ფუნქციონირებას, სიცოცხლე, როგორიც ის ჩვენ ვიცით, შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს.
თუმცა ეს აპოკალიფსური პროგნოზი არაა. გარდაუვალია, რომ გარკვეულ მომენტში პოლუსები გადაადგილებას კვლავ დაიწყებს და ამ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა მომზადების საშუალებას მოგვცემს.
თანამგზავრულ კომპანიებს შეუძლიათ მოლაპარაკებათა დაწყება და იდეების გაზიარება, რათა მონახონ გამოსავალი, თუ როგორ აღჭურვონ სატელიტები ისე, რომ პოლუსების გადანაცვლება მათზე არ აისახოს.
მთავრობებს და უნივერსიტეტთა მკვლევრებს შეუძლიათ თავიანთ ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინონ ისეთი ახალი თანამგზავრების შექმნაზე, რომლებიც დაპორექტებული იქნება ექსტრემალურ რადიაციასა და კოსმოსურ ამინდში სამუშაოდ.
სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, ერთად დასხდომა მოუწევთ მთავრობებს, ბიზნესსა და საზოგადოებას.
მათ შეუძლიათ ენერგიის შენახვის გზების მოძებნა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პოლუსების გადანაცვლების საკითხთან დაკავშირებით, რათა როცა ეს მართლაც მოხდება, არ დაიწყოს საზოგადოებრივი პანიკა.
დედამიწის პოლუსების გადანაცვლება უკვე მილიონობით წლებია ხდება და ასე გაგრძელდება კიდევ მილიონობით წელიწადს. ყველაზე უკეთესი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის სამზადისის დაწყება ახლავე, რათა კარგად მომზადებული ვიყოთ, როცა ეს პროცესი კვლავ დაიწყება.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით