კავშირი უძველეს ვულკანურ ამოფრქვევებსა და დედამიწის ისტორიაში ყველაზე სასტიკ გადაშენებას შორის, უფრო გაძლიერდა. ვერცხლისწყლის იზოტოპთა ახალი ანალიზები გვთავაზობს მტკიცებულებას, რომ დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს შორეული ნაწილებიც კი დაფარული იყო ციმბირში ამოფრქვეულ ვულკანთა ნარჩენებით.
ეს გახლდათ ე. წ. დიდი კვდომა, რომელსაც პერმულ-ტრიასულ მასობრივ გადაშენებასაც უწოდებენ, რა დროსაც, ფერფლით სავსე ცის ქვეშ, დედამიწაზე სიცოცხლის უმეტესი ნაწილი გადაშენდა.
კარგად არის დადგენილი, რომ ამოწყდა წყლის სახეობათა 90 პროცენტი და ხმელეთის ხერხემლიანთა 70 პროცენტი. თუმცა, გეოლოგთა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ბუნდოვანი რჩებოდა, ზუსტად როგორ განვითარდა მოვლენები დედამიწის ისტორიაში ამ უდიდესი გადაშენების დროს.
ქანებსა და ოკეანის დანალექებში ჩამარხული ქიმიური კვალის საფუძველზე, დედამიწის მეცნიერები ფრიად დარწმუნებული არიან, რომ ვულკანურ ამოფრქვევათა სერიამ კასკადური, დრამატული ცვლილებების სერია გამოიწვია დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეებში, რასაც საბოლოოდ, ცხოველთა გაგუდვა მოჰყვა.
თუმცა, დიდი კვდომის მსგავსი მასშტაბური გადაშენების შესწავლას ასევე ესაჭიროება საკმაოდ მტკიცე შემთხვევა, ვიდრე მეცნიერები გადაჭრით იტყვიან მის გამომწვევ მიზეზს და დროს. ბოლოს და ბოლოს, საქმე 252 მილიონი წლის წინ მომხდარ მოვლენას ეხება.
წინა კვლევებში, თუთიისა და ნიკელის საფუძველზე დაადგინეს კავშირი ოკეანეების ქიმიური შემადგენლობის ცვლილებას, მასიურ ვულკანიზმსა და ზღვაში სიცოცხლის დანაკარგებს შორის. თუმცა, ეს ელემენტები დედამიწის ზედაპირზე ხელახლა გადამუშავდება, რასაც ვერ ვიტყვით ვერცხლისწყლის იზოტოპთა შესახებ, რომლებიც ვულკანური აქტივობის გაცილებით სტაბილურ სიგნალს გვთავაზობს.
ამას გარდა, ამ მასობრივი გადაშენების შესახებ ჩატარებული ბევრი კვლევა ფოკუსირებული იყო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სხვადასხვა ადგილზე, რაც ვულკანიზმის მთლიან დედამიწაზე გავლენის დადგენას ართულებდა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დიდი კვდომა ერთჯერადი მომაკვდინებელი მოვლენა კი არ იყო, არამედ გადაშენების მრავალი ეპიზოდი, რომლებიც ტალღების სახით ხდებოდა ასობით ათასი წლის განმავლობაში.
ამიტომ, ჩინეთის დედამიწის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პალეოკლიმატოლოგმა ჯუნ შენმა და მისმა კოლეგებმა ვერცხლისწყლის იზოტოპების ძებნა სამხრეთ ნახევარსფეროს კლდოვან დანალექებში, ორ ადგილას დაიწყეს: სამხრეთ-ცენტრალური აფრიკის კარუს აუზში და ავსტრალიის სიდნეის აუზში.
დიდი კვდომის პერიოდში, ეს ორი აუზი მდებარეობდა ერთ სუპერკონტინენტზე, სახელად პანგეა, მაგრამ ახლა მათ ერთმანეთთან ინდოეთის ოკეანე და დაახლოებით 10 000 კილომეტრი აშორებთ. ორივე ადგილას მკვლევრებმა თითქმის იდენტურ მახასიათებლებს მიაგნეს: ვერცხლისწყლის იზოტოპებმა პიკს დაახლოებით პერმული ეპოქის დასასრულს მიაღწია.
ეს მტკიცებულებები ციმბირის ტრაპებიდან ამ დროისათვის ყველაზე შორეულ სახმელეთო ადგილებში აღმოაჩინეს (ციმბირის ტრაპები არის ლავის გიგანტური ნაკადები, რომლებიც გეოლოგიური ეპოქის დამასრულებელ ვულკანურ ამოფრქვევათა შედეგად წარმოიქმნა); როგორც ისინი მიუთითებს, ვერცხლისწყალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ვულკანებიდან ამოიტყორცნა და მთელ პლანეტაზე გავრცელდა.
„როგორც ჩანს, ვერცხლისწყლის ვულკანურ ემისიებს იმ ვერცხლისწყლის ძლიერ სპეციფიკური იზოტოპური შემადგენლობა აქვთ, რომელიც გადაშენების გარიჟრაჟზე აკუმულირდა. ამ დეპოზიტთა ასაკის ცოდნით, უფრო გადაჭრით შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს გადაშენებისა და ციმბირის მასიური ვულკანური ამოფრქვევების დროები“, — ამბობს კვლევის ავტორი, კონექტიკუტის უნივერსიტეტის გეოლოგი ტრეისი ფრენკი.
მათი კვლევა თანხვედრაშია დიდ კვდომასთან დაკავშირებულ გოგირდის იზოტოპთა სიგნალებთან; ასევე ემთხვევა წინა კვლევას, რომლის მიხედვითაც, მასობრივი გადაშენებები ხმელეთზე 600 000 წლით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზღვაში.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავად ეს მოვლენა მყისიერად მომხდარი ერთი დიდი უბედურება არ იყო. დედამიწის ერთი ძლიერ ცუდი დღე კი არ იყო, ამას დრო დასჭირდა და კარგად ემთხვევა ახალ შედეგებსაც, რომელთა მიხედვითაც, მიზეზი ვულკანიზმი იყო“, — განმარტავს კონექტიკუტის უნივერსიტეტის კიდევ ერთი გეოლოგი კრისტოფერ ფილდინგი.
მკვლევრები აცნობიერებენ, რომ დიდი კვდომის პირდაპირი მიზეზის დადგენა ადვილი საქმე არ არის. ციმბირის ტრაპების გარდა, გადაშენებაში საკუთარი წვლილი შეიტანა სამხრეთ ჩინეთში მომხდარ ვულკანურ ამოფრქვევათა ფერფლის ჭავლებმაც.
როდესაც ვცდილობთ აღვადგინოთ იმ მოვლენათა თანმიმდევრობა, რომლებსაც დედამიწის ისტორიაში ყველაზე სასტიკ გადაშენებამდე მივყავართ, ალბათ უფრო თვალნათლივ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად სუსტია სიცოცხლე ამ პლანეტაზე, სიცოცხლე, რომელიც დღეს ისევ დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ამჯერად ტემპერატურის მატებისა და სათბურის აირების მხრიდან.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია today.uconn.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.