დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი ტბა, რომელიც საქართველოსაც ფარავდა — #1tvმეცნიერება
დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი ტბა, რომელიც საქართველოსაც ფარავდა — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, არსებობდა პარატეთისის ზღვა — დედამიწის ისტორიაში უდიდესი „მეგატბა“, რომელიც დღევანდელ ხმელთაშუა ზღვაზე დიდი იყო. თანამედროვე რუკაზე, ის იტალიის ალპებიდან ყაზახეთამდე გადაიჭიმებოდა.

ამ დრომდე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი პარატეთისის ზღვის დინებებისა და მიქცევა-მოქცევის შესახებ, მაგრამ ახალმა კვლევამ გამოავლინა ოთხი კატაკლიზმური, კლიმატის მიერ მართული ციკლი, რომლებმაც ეს ტბა ზომაში შეამცირეს და მასში ბინადარ სახეობათა მნიშვნელოვანი ნაწილიც გაწყვიტეს.

პარატეთისის ზღვაში წყლის სიცოცხლე უნიკალური იყო, მოიცავდა ყველაფერს, მოლუსკებითა და კიბორჩხალებით დაწყებული, პატარა ვეშაპებითა და დელფინებით დამთავრებული, რომლებიც განვითარდნენ და შეზღუდულ გარემო პირობებს მოერგნენ. თუმცა, მკვლევართა განცხადებით, წყლის დონის შემცირებისა და მარილიანობის მომატების გამო, ამ ქმნილებათა ძალიან მცირე ნაწილი უნდა გადარჩენილიყო.

„ის პოსტ-აპოკალიფსური პრეისტორიული სამყარო უნდა ყოფილიყო, „შეშლილი მაქსის“ უნაყოფო მიწევის საწყლოსნო ვერსია“, — ამბობს უტრეხტის უნივერსიტეტის გეოლოგი ვუტ კრიგსმენი.

კრიგსმენი და მისი კოლეგები შავი ზღვის გარშემო სწავლობდნენ ნამარხებს, დანალექებსა და გეოლოგიას; შავი ზღვა პარატეთისის ზღვის ცენტრალური ნაწილი უნდა ყოფილიყო. შედეგად, გამოავლინეს რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში წყლის დონის მნიშვნელოვნად კლება. ამავე დროს, მოახდინეს რეგიონში წყლის დონის მოდელირება და სიმულირება.

ყველაზე ღრმა კლება ბოლოს უნდა მომხდარიყო, 7,65 – 7,9 მილიონი წლის წინ, რასაც ხერსონის დიდ გამოშრობას უწოდებენ. ამ ეპიზოდში, პარატეთისის ზღვის დონე 250 მეტრით დაეცა, მეგატბა მინიტბებად დაიყო, რომლებიც ცოცხალ არსებათა უმეტესობისთვის ტოქსიკური უნდა ყოფილიყო.

მეცნიერთა გათვლების მიხედვით, ამ მშრალ პერიოდებში მეგატბას ზედაპირის ფართობის 70 პროცენტი და წყლის მოცულობის მესამედი უნდა დაეკარგა.

სიდიდის პიკში, მისი ფართობი 2,8 მილიონი კვადრატული კილომეტრი უნდა ყოფილიყო, წყლის რაოდენობა კი 10-ჯერ მეტი, ვიდრე პლანეტის დღევანდელ ყველა ტბაში ერთად.

ევრაზიაში ტემპერატურისა და ნალექების ცვლილებას გავლენა უნდა მოეხდინა ხმელეთზე მიმდინარე ცვლილებებზე, ღია გარემო ტყეებს უნდა ჩაენაცვლებინა, უნდა შეცვლილიყო ტყიანი ზონებიც. ბოლომდე გაურკვეველია, რა გავლენას ახდენდა ასეთი ევოლუციები ერთმანეთზე.

შავი ზღვის ნაპირზე აღმართული ეს კლდეები უძველესი მეგატბის იშვიათ ნარჩენებს შორის არის. ბულგარეთი.

„მეგატბის ნაწილობრივ გაუწყლოება ემთხვევა ევრაზიაში კლიმატის, კვების ჯაჭვისა და ლანდშაფტის ცვლილებებს, მაგრამ უცნობი რჩება ზუსტი გამომწვევი მიზეზები და მექანიზმები“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

პარატეთისის ზღვა ტექტონიკური ძვრებისა და ცენტრალური ევროპის მთების აწევის შედეგად წარმოიქმნა; როგორც გეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, მას ჯამში ხუთი მილიონი წლის განმავლობაში უნდა ეარსება, შემდეგ კი, ლანდშაფტის ცვლილებათა გამო, მისი წყალი ხმელთაშუა ზღვაში გადაიქაჩა.

კიდევ ერთი ახალი კვლევა აჩვენებს, როგორ გარდაქმნა წყლის დონის ვარდნამ პარატეთისის ზღვის სანაპიროები მინდვრებად, რამაც ხმელეთის ქმნილებების ევოლუციას ნაყოფიერი საფუძველი შეუქმნა.

კლიმატის ცვლილების მიერ ლანდშაფტისა და ველური ბუნების ცვლილება ძალიან მწვავე საკითხია დღესაც, პარატეთისის ზღვის დაშრობიდან მილიონობით წლის შემდეგ. ყოველი ასეთი კვლევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ; წარსულის შესწავლას კი ბევრი რამის თქმა შეუძლია მომავლის შესახებ.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.