ამჟამად, მთელ სამყაროში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ერთადერთი ადგილის შესახებ ვიცით: ჩვენი დედამიწის.
შესაბამისად, როდესაც სხვა პლანეტურ სისტემებში, მზის სისტემის მიღმა სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტებს ვეძებთ, ხშირად დედამიწას სრულყოფილ თარგად ვიყენებთ.
თუმცა, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ დედამიწა სიცოცხლისთვის არც ისე ხელსაყრელია, როგორიც შეიძლება იყოს. სინამდვილეში ის შეიძლება უფრო სიცოცხლისუნარიანი იყოს, თუკი იუპიტერის ორბიტა ოდნავ უფრო შორს გადაინაცვლებდა.
კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მზის სისტემაში ბევრი მოძრავი ნაწილი და ინგრედიენტია და იმის განსაზღვრა, რომელმა მათგანმა შეიტანა წვლილი დედამიწის სიცოცხლისუნარიანობაში, უკიდურესად რთულია.
ეს კი შეიძლება იმაშიც დაგვეხმაროს, რომ უკეთესად გავიგოთ, რა აქცევს პლანეტებს სიცოცხლისათვის ხელსაყრელად.
„თუკი იუპიტერის ადგილმდებარეობა იგივე დარჩება, მაგრამ მისი ორბიტის ფორმა შეიცვლება, შეიძლება, პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა გაიზარდოს. ბევრი დარწმუნებულია, რომ დედამიწა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტის განსახიერებაა და იუპიტერის, როგორც მასიური პლანეტის ორბიტის ნებისმიერი ცვლილება შეიძლება მხოლოდ ცუდი იყოს დედამიწისთვის. ვაჩვენეთ, რომ ორივე ეს მოსაზრება მცდარია“, — ამბობს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი პამ ვერვურტი.
ასეთ შედეგებს გავლენა ასევე აქვს მზის სისტემის მიღმა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების ძებნაზე, რადგან გვაწვდის იმ პარამეტრთა ახალ კრებულს, რომლებითაც შეიძლება შეფასდეს სიცოცხლისთვის პოტენციური ხელსაყრელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არ გვაქვს რაიმე ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია ცალსახად განსაზღვროს ეგზოპლანეტების, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების სიცოცხლისთვის ხელსაყრელობა, რამდენიმე მახასიათებელზე დაყრდნობით, მეცნიერები აგროვებენ ისეთ პლანეტათა პოპულაციას, რომლებზე ახლო დაკვირვებებიც ღირს.
პირველია, სად მდებარეობს ეგზოპლანეტა დედავარსკვლავთან მიმართებაში — საჭიროა, რომ ის ის ვარსკვლავთან არც ისე ახლოს იყოს, რომ მის ზედაპირზე თხევადი წყალი აორთქლდეს და არც ისე შორს, რომ წყალი გაიყინოს.
მეორეა ეგზოპლანეტის ზომა და მასა — დედამიწის, ვენერას ან მარსის მსგავსად კლდოვანი უნდა იყოს თუ იუპიტერის, სატურნისა და ურანის მსგავსად გაზოვანი?
მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ იმავე სისტემაში იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტის არსებობა შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის კარგი ნიშანი ყოფილიყო. თუმცა, რჩებოდა გაურკვევლობები.
2019 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც სიმულაციებზე დაყრდნობით აჩვენეს, რომ იუპიტერის ორბიტის შეცვლამ, მზის სისტემა შეიძლება საკმაოდ სწრაფად გახადოს არასტაბილური.
ამჯერად, კიდევ უფრო მეტმა სიმულაციამ საპირისპირო აჩვენა, რაც დაგვეხმარება გაზის გიგანტების ორბიტათა დიაპაზონის შემცირებას, რაც სიცოცხლისათვის ხელსაყრელობას ეხმარება ან ხელს უშლის.
კვლევა დაეფუძნა იუპიტერის ორბიტის ექსცენტრიულობას, ანუ ორბიტის გაწელილობის და ელიფსურობის მაჩვენებელს.
ამჟამად, იუპიტერს მხოლოდ ძალიან ოდნავ ელიფსური ორბიტა აქვს; ის თითქმის წრიულია.
თუმცა, თუკი ეს ორბიტა გაიწელება, ძლიერ შესამჩნევი ეფექტი ექნება მთელ მზის სისტემაზე. იმიტომ, რომ იუპიტერი საკმაოდ მასიურია, მისი მასა მზის სისტემის ყველა პლანეტის ერთად აღებულ მასაზე 2,5 ჯერ მეტია.
იუპიტერის ექსცენტრიულობის შეცვლას რეალურად ექნება გრავიტაციული ეფექტი სხვა პლანეტებზე.
დედამიწის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ექსცენტრიულობის გაზრდას. ანუ, პლანეტის ზოგიერთი ნაწილი მზესთან უფრო ახლოს მივა და ზომიერ, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ დიაპაზონამდე გაათბობს.
თუმცა, თუკი იუპიტერს მზესთან უფრო ახლოს გადმოვწევთ, დედამიწის სიცოცხლისათვის ხელსაყრელობას საფრთხე შეექმნება. იმიტომ, რომ ის ჩვენს პლანეტას უფრო მკვეთრად დახრის საკუთარ ღერძთან მიმართებაში, ვიდრე ამჟამად არის; სწორედ ეს დახრილობა განაპირობებს სეზონების ცვლილებას.
უფრო მკვეთრი დახრილობა ჩვენი პლანეტის უფრო დიდი ნაწილის გაყინვას გამოიწვევს, უფრო ექსტრემალური სეზონებით. ზამთრის ზღვის ყინული ოთხჯერ უფრო დიდ მანძილზე გავრცელდება, ვიდრე ამჟამად არის.
მკვლევართა განცხადებით, ასეთი შედეგები შეიძლება მოერგოს ჩვენ მიერ აღმოჩენილ ნებისმიერ მრავალპლანეტიან სისტემას, რათა შეფასდეს მისი პოტენციური სიცოცხლისუნარიანობა.
მკვლევრებმა ასევე წარმოაჩინეს, რამდენი ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას ჩვენს აქ ყოფნაზე, მკრთალ ლურჯ წერტილზე და რამდენად ახლოს შეიძლება ვყოფილიყავით ისეთ გარემოსთან, რომ არასოდეს გვეარსება. ასევე, რა შეიძლება მოხდეს მზის სისტემაში, თუკი ოდესმე მისი სტაბილურობა დაირღვევა.
„ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა ძალიან მარტივი პირველი საზომია და ის მხედველობაში არ იღებს პლანეტის ორბიტის ფორმას ან იმ სეზონურ ცვალებადობებს, რაც შეიძლება პლანეტას ახასიათებდეს“, — ამბობს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი სტივენ კეინი.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია გავიგოთ ის გავლენა, რაც იუპიტერს დროთა განმავლობაში ჰქონდა დედამიწის კლიმატზე, რამდენად შეცვალა დედამიწა მისმა ეფექტებმა ჩვენს ორბიტაზე და როგორ შეიძლება კიდევ შეცვალოს მომავალში.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ucr.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.