დავით ზალკალიანი - უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე განვიხილეთ უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი, შინაარსიანი შეხვედრა მქონდა უკრაინელ კოლეგასთან და განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებთან, არამედ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია რეგიონში უკრაინის გარშემო. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. მოგეხსენებათ, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს და აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ სრულ კოორდინაციაში. რა თქმა უნდა, ერთმანეთის სოლიდარულები ვართ ოკუპაციასთან და იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს როგორც უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აუცილებელია და შევთანხმდით ასევე, რომ ჩვენი ეს ერთიანი პოზიცია იყოს კიდევ უფრო გაძლიერებული და უფრო მკაფიოდ წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში. ორმხრივი მზაობა არის, რომ განვავითაროთ ინტენსიური თანამშრომლობა, ვიზიტები იქნება ეს თუ ეკონომიკური ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.