დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა
დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა

14-16 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს სლოვენია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სლოვენიის რესპუბლიკის  პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ იგორ ზორჩიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ანჟე ლოგართან. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს სლოვენიაში, კერძოდ ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში საპატიო საკონსულო პირველად იხსნება. დავით ზალკალიანი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.