დავით ზალკალიანი - სახელმწიფომ უზრუნველყო ხანდაზმულების, ორსულების, მცირეწლოვნების, ქრონიკული დაავადებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნება
საელჩოების დახმარებით, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება ხორციელდება სამი გზით: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, ამ დროისთვის საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 სპეციალური ავიარეისი განხორციელდა.
„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საკოორდინაციო საბჭოზე არსებული საჭიროების მიხედვით, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ავიარეისების დაგეგმვა და განხორციელება. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და შესაბამისი ფორმებით, რაც უპირველესად, გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფასა და გამომგზავრებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შედეგად, სახელმწიფომ უზრუნველყო ქრონიკული დაავადების მქონე პირების, ხანდაზმულების, ორსულების, მცირეწლოვნებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნება.
„საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, ამ კატეგორიის 2828 მოქალაქე უკვე დაბრუნებულია სამშობლოში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.