დავით ზალკალიანი - „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
დავით ზალკალიანი - „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

სამშობლოში საქართველოს 10 000 მოქალაქე დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებს უცხოეთის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების შესახებ სტატისტიკა გააცნო.

„შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 10 000 მოქალაქე. ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს უკვე 10 000-ს გადააჭარბა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დადგა, ამ მონაცემებით, საქართველოს უკვე უჭირავს ღირსეული პოზიცია მსოფლიო ქვეყნებს შორის. ჩვენი მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში, სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ამ საკითხზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აპირებს.

„ჩვენ ვაპირებთ მომავალში ამ მიმართულებით ამ გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. პანდემიის გავრცელებისთანავე, საკოორდინაციო საბჭომ საგარეო უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებად განსაზღვრა ორი ძირითადი მიზანი. პირველი, უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მეორე, მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში“, – განაცხადა მინისტრმა.