დავით ზალკალიანი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის დასტური, რომ უსაფრთხოების კუთხით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური, რომ უსაფრთხოების კუთხით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის იმ მაღალი ნიშნულის, რა ნიშნულზეც იმყოფება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს და არის აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელსაც ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენმა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის დაკავშირებული ტერორიზმთან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით“, – განცხადა ზალკალიანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება.