დავით ზალკალიანი - რუსეთის ფედერაციას თავად აქვს ხელი მოწერილი საერთაშორისო დოკუმენტებზე, რომლებიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები
დავით ზალკალიანი - რუსეთის ფედერაციას თავად აქვს ხელი მოწერილი საერთაშორისო დოკუმენტებზე, რომლებიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები

ნარატივი, რომელსაც ავრცელებს რუსეთის ფედერაცია, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, ისინი თავად არიან ხელისმომწერნი პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს წესდებაში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ არც ერთ ქვეყანას, მესამე მხარეს არ აქვს უფლება გავლენა მოახდინოს ნატო-ს გაფართოებაზე.

„რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პასუხები გაიცა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნატო-ში გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი პოზიცია, რომ ნატო არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც არის დაფუძნებული პრინციპებზე და ღირებულებებზე. წესდების მე-10 პუნქტში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ არც ერთ ქვეყანას, მესამე მხარეს არ აქვს უფლება გავლენა მოახდინოს ნატო-ს გაფართოებაზე. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, მათ შორის ის, რომ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ნატო-სკენ და აკმაყოფილებს ნატო-ს კრიტერიუმებს, რომ უნდა იყოს მიღებული ნატო-ში როგორც წევრი, ესეც მისი წესდების შესაბამისად არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, ის ნარატივი, რომელსაც ავრცელებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს მისი უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები და ალიანსები, არის ორმაგი სტანდარტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც ისინი თავად არიან ხელისმომწერნი იმავე პარიზის ქარტიის, ჰელსინკის ქარტიის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმების, რომელიც აღიარებს ქვეყნის უფლებას, თვითონვე აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩოები და ალიანსები. თუკი რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ხელმოწერილი აქვს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი, მან პატივი სცეს ასევე სხვის უფლებას და ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და ამიტომ საუბარი რაღაცა გავლენის სფეროებზე, რომელზეც საუბარია იმ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა, მიუღებელია. ვციტირებ ნატო-ს გენერალური მდივანს – გავლენის სფეროები, „ეს არის ისტორია, ჩაბარდა წარსულს და მისი განმეორება არ მოხდება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების  განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე. შეთანხმების პროექტის მეორე ტექსტში რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, რომ არ განათავსოს შეიარაღება და სამხედრო ძალები იმ რაიონებში, სადაც მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნება აღქმული.