დავით ზალკალიანი ოპონენტებს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ მამიკინსთან მიმართებაში
მინდა, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, ჩამოყალიბდნენ მამიკინსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ევროპარლამენტის შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში იყო ძალიან ობიექტური და ზუსტი.
„მინდა, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო, ჩამოყალიბდნენ მამიკინსთან მიმართებაში, როდესაც მამიკინსი მათთვის ხელსაყრელ განცხადებას აკეთებს მისაღებია, როცა არ აკეთებს – მიუღებელი. რაც შეეხება ევროპარლამენტის შეფასებებს, ეს იყო ძალიან ობიექტური და ზუსტი. ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ოპონენტების მხრიდან არასერიოზულია ბრალდებები, რომ ეს არის სუსტი რეზოლუცია. სამწუხაროდ, ხდება საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათთვის მთავარია, რომ ამ პროცესიდან მიიღონ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი და რაც შეიძლება ნაკლები სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, ამიტომ საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, ობიექტურად აფასებს”, – განაცხადა ზალკალიანმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.
გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მამიკინსის შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა – “ანდრის მამიკინსი, პირდაპირ არის შემჩნეული ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ისეთ ქმედებაში, როგორიც არის მაგალითად ბატონ ასადთან შეხვედრა. ასადი ვინ არის, რა გააკეთა ბოლოს საქართველოსთვის, ესეც კარგად უნდა გესმოდეთ”.