დავით ზალკალიანი - მინსკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, ჩვენ ვიქნებით ევროპელი პარტნიორების გვერდით, რათა დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მინსკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მყისიერად მოახდინეს რეაგირება.
მისივე თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველო ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას შეუერთდა.
„ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ რეაგირება, დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მაშინ იყო უკანონოდ დაკავებული, გათავისუფლებულიყო. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება.
ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას. მინდა, თქვენ იხილოთ ევროკავშირის განცხადება ამ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ არის საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე. საქართველო არის თანამონაწილე, ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით საკუთარი ევროპელი პარტნიორების გვერდით, რათა დაცული იყოს ფუნდამენტური უფლება, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.