დავით ზალკალიანი - განცხადებები, დეკლარაციები საკმარისი არ არის, რუსეთი აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას, კუნთების თამაშს, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს უკრაინასა და რეგიონზე
ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, კერძოდ რუსული სამხედრო ძალის გაზრდის კონტექსტში უკრაინის საზღვრებთან. ბუნებრივია, ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, ისევე როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება და იქ არსებული სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის ასევე დაკავშირებული საქართველოსთან არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-უკრაინა მუდმივად იყვნენ კოორდინაციის რეჟიმში და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი.
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა იყო.
„მე გამოვხატე ჩემი სოლიდარობა გუშინდელი სატელეფონო საუბრის დროს და განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველა საერთაშორიო ფორმატშიც და ორმხრივადაც გავაგრძელოთ მხარდაჭერა, იქნება ეს სხვადასხვა რეზოლუციები თუ დეკლარაციები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა პროცესში. რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნაკლებობას არ უჩივის. მოგეხსენებათ, შექმნილია ნორმანდიის ფორმატი, ასევე პროცესი მიდის მინსკის მოლაპარაკების ფარგლებში, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ განცხადებები და დეკლარაციები საკმარისი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციას ეს არ აღელვებს. ის აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას და ერთგვარ კუნთების თამაშს იმისთვის, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე და მთლიანობაში რეგიონის გარემოზე. ამიტომ, ეს არა მხოლოდ უკრაინის თემა და მათი საზრუნავია, არამედ ჩვენიც, რადგან ვხედავთ, როგორი გეოპოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი რეგიონში, ასევე შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ეს ჩვენ გვეხება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს გადაიდგას აქტიური ნაბიჯები ორივე მიმართულებით საერთაშორიო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხითაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.