დავით ზალკალიანი - ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია უაღრესად მნიშვნელოვანია
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარების მექანიზმებზე და ფორმებზეა საუბარი, რაც პოზიტიურად აისახება ამ ურთიერთობებზე.
„ამ ანგარიშმა დეპუტატების მხრიდან რაოდენობრივ-რიცხვობრივი თვალსაზრისით, დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ის გზავნილები, რომელიც აქ არის გაშუქებული, უაღრესად მნიშვნელოვანია – ის, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ევროკავშირ-საქართველოს საბოლოო მიზანი და უფრო გრძელვადიან მიზნებზე უნდა იყოს საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია ასევე მოწოდებები, რომლებიც გაკეთდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, რომ მან შეასრულოს საერთშორისო ნორმებით ნაკისრი ვალდებულება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცხრა დღით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას უჭერს მხარს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პარტნიორების შენგენის და ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებას 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.