დავით ზალკალიანი - „დოიჩე ველეს“ რედაქციის წარმომადგენლები ძალიან შეწუხდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ასეთი მანიპულირება მოხდა
დავით ზალკალიანი - „დოიჩე ველეს“ რედაქციის წარმომადგენლები ძალიან შეწუხდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ასეთი მანიპულირება მოხდა

„დოიჩე ველეს“ რედაქციის წარმომადგენლები ძალიან შეწუხდნენ როდესაც გაიგეს, რომ ასეთი მანიპულირება მოხდა და მყისიერი რეაგირება მოხდა მათი მხრიდან, კერძოდ სტატიის სათაურის განმარტებაში იყო მოყვანილი, რომ ეს ფრაზა ეკუთვნის არა ამ რედაქციას, არამედ ეს იყო ის ფრაზა, რომელიც გამოყენებული იყო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ეს არის ოპოზიციური ძალების მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა, სიცრუეში აცხოვრონ საზოგადოება.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავთ ოპოზიციური ძალების მხრიდან, სიცრუეში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი, როგორ ხდება მანიპულირება და მათთვის სასურველის რეალობად წარმოჩენა. კერძოდ, კარგად არის ცნობილი, რომ სტატია გამოქვეყნდა არა „დოიჩე ველეს“ გერმანულენოვან გამოცემაში, არამედ მის ერთ-ერთ უცხოენოვან რედაქციაში, რადგან გერმანულენოვან გამოცემაში იყო ძალიან პოზიტიური სტატია საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამის ტირაჟირება არ მოხდა და მოხდა პირიქით იმ სტატიის წარმოჩენა, რომელიც იყო ერთ-ერთი რედაქციის, თითქოს საქართველოს პრემიერს ეს გამოცემა წარმოაჩენს „მოსკოვის კაცად“.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება იმისთვის, რომ ყოფილიყო სიმართლე მიტანილი საზოგადოებამდე. თავად „დოიჩე ველეს“ რედაქციის წარმომადგენლები ძალიან შეწუხდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ასეთი მანიპულირება მოხდა და მყისიერი რეაგირება მოხდა მათი მხრიდან, კერძოდ სტატიის სათაურის განმარტებაში იყო მოყვანილი, რომ ეს ფრაზა ეკუთვნის არა ამ რედაქციას, არამედ ეს იყო ის ფრაზა, რომელიც გამოყენებული იყო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ შევეჯახეთ იმ სამწუხარო რეალობას, რომელიც ძალიან ფართოდ არის ტირაჟირებული და გამოყენებული ოპონენტების, კერძოდ ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების სიცრუეში შეყვანა და პოლიტიკური მანიპულაციები სასურველის რეალობად წარმოჩენად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“.

მოგვიანებით, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა. სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.