დავით ზალკალიანი - ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვდგავართ იმ წითელ ხაზებზე, რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან
ვფიქრობ, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.
კითხვაზე, თუ ელოდება რუსეთის მხრიდან შიდა არეულობის პროვოცირებას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სცენარისთვის არის საჭირო მზადყოფნა, თუმცა ქართული საზოგადოება ერთიანია საგარეო პოლიტიკურ არჩევანში.
„რუსეთის ფედერაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ნებისმიერი სცენარისა და განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად. რა თქმა უნდა, ამ სცენარებისთვის მზად ვართ და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, როდესაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, მათ შორის, აგრესია და ოკუპაცია. ამიტომ გამომდინარე იმ მძიმე წარსული გამოცდილებიდან და შედეგებიდან, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, ვართ მზად და როგორც არასდროს, ისეა საჭირო, პირველ რიგში, საერთო ეროვნული კონსოლიდაცია. რადგანაც საერთო საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რადგანაც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ჩვენ მივისწრაფვით ნატო-სკენ. ეს არის ის წითელი ხაზები, რომელთა გადალახვასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, თუკი ამის მცდელობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვდგავართ იმ წითელ ხაზებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.