დავით უტიაშვილი - უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების 10 წლამდე შემცირების შედეგად ველოდებით, რომ უცხოურ ვალუტაში აქტივობა გარკვეულწილად შემცირდება
დავით უტიაშვილი - უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების 10 წლამდე შემცირების შედეგად ველოდებით, რომ უცხოურ ვალუტაში აქტივობა გარკვეულწილად შემცირდება

პირველი იანვრიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლიდან 10 წლამდე მცირდება.

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებითაა გამოწვეული.

დავით უტიაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის მიზანი ქვეყანაში დოლარიზაციის მაქსიმალურად შემცირებაა.

„მაღალი დოლარიზაცია ჩვენი ფინანსური სექტორის და ზოგადად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. პანდემიის პიკის დროსაც დავინახეთ, რამდენად მაღალია მოწყვლადობა, როცა რესტრუქტურიზებული სესხების წილი უცხოურ ვალუტაში 2-ჯერ და 3-ჯერ აჭარბებდა ლარის მაჩვენებელს. ამ მოცემულობით დავინახეთ, რომ უკვე აპრილიდან სესხების ზრდა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. ძირითადად ეს იყო ბიზნესსესხები, თუმცა იპოთეკური სესხების წილიც იყო მნიშვნელოვანი და სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ამ პორტფელის ზრდას შესაძლოა, 10 პროცენტისთვისაც კი მიეღწია შემდეგ წელს. ამასთანავე იცით, რომ მონეტარულ პოლიტიკას ვამკაცრებდით წლის განმავლობაში და ეს კიდევ უფრო უბიძგებს მსესხებლებს, რომ გადაერთონ უცხოურ ვალუტაზე, რაც დამატებით რისკებს გვიქმნიდა. სწორედ ამის საპასუხოდ, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 8 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადიანობა შემცირდეს 15-დან 10 წლამდე. ლარში იპოთეკურ სესხებს ეს არ შეეხება. ამ ინიციატივით ჩვენ უცხოური ვალუტის პორტფელზე რისკები შეგვიმცირდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით უტიაშვილმა.

კითხვაზე, ეს გადაწყვეტილება ხომ არ გამოიწვევს იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის შემცირებას, ვინაიდან იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი, იგივე სესხის უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთებს 2-ჯერ აღემატება, უტიაშვილი ამბობს, რომ მსესხებლების მხრიდან მოთხოვნა არ შემცირდება.

„ამ ინსტრუმენტის შედეგად ველოდებით, რომ უცხოურ ვალუტაში აქტივობა გარკვეულწილად შემცირდება, თუმცა დედოლარიზაციის პოლიტიკის წინა გამოცდილება აჩვენებს, რომ ძირითადად ეს იყო ყოველთვის გადადინება ლარში. ანუ როგორც წესი მსესხებლები უარს არ ამბობენ, რომ შეიძინონ უძრავი ქონება, არ ველოდებით, რომ ეს უძრავი ქონების ბაზარზე მოახდენს გავლენას. ამ წუთას ლარში იპოთეკურ სესხზე ნამდვილად მაღალი პროცენტია, ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ჩვენ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული გვაქვს, რისი მიზანიც არის მაღალი ინფლაციის შემცირება. როდესაც ეს ინფლაციის რისკები გაივლის, ჩვენ ველოდებით, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები იქნება რეფინანსირების პროცენტის შემცირების კუთხით. რაც შეეხება დღევანდელ განსხვავებას საპროცენტო განაკვეთებს შორის, ჩვენ მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს არ უნდა შევხედოთ, როცა ვამბობთ, რომ სესხი არის იაფი უცხოურ ვალუტაში, უფრო უნდა შევხედოთ სავალუტო რისკებს. ბოლო წლების სამწუხარო გამოცდილება აჩვენებს, რომ სავალუტო რისკები არის საკმაოდ მაღალი“, – აღნიშნა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა.

შეეხება თუ არა 15-წლიანი სავალუტო სესხების აკრძალვა სამშენებლო კომპანიების შიდა განვადებებს – ამაზე დავით უტიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დეველოპერული კომპანიებს შიდა განვადებებს არ შეეხებათ.

„აღნიშნული რეგულაცია ეხება ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას – კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ვისაც აქვთ ლიცენზია ეროვნული ბანკისგან აღებული და როგორც წესი, ესენი არიან ყველა სესხის გამცემი სუბიექტები. დეველოპერული კომპანიების შიდა განვადებები სესხის განმარტებაში არ ხვდება ამ წუთას და მათ ეს არ შეეხებათ. ასევე, როგორც წესი, მათი პრაქტიკა არ არის, რომ 10 წელზე მეტ ხნიანი სესხები გასცენ, ეს შიდა განვადებები შედარებით მოკლევადიანია როგორც წესი. ამიტომ, ამ ბაზარზე ჩვენი გადაწყვეტილება გავლენას არ იქონიებს“, – განაცხადა უტიაშვილმა.