საქართველოს მოქალაქეები ყველა ჩვენს მეზობელთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წილკანში განაცხადა. უსუფაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ არჩილის ოჯახს, მშობლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია და საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია. ასეთი დანაშაულებები აუცილებლად იქნება გამოძიებულიც და დასჯილიც.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერს დასჭირდება დრო, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. მოხდება იმიტომ, რომ საქართველო და საქართველოს მოქალაქეები მზად ვართ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის ყველა ჩვენს მეზობელთან და ჩვენი სიმართლე და სწორი გზა აუცილებლად გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, ამ მსხვერპლის ფასადაც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
წილაკნში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.