დავით უსუფაშვილი - მოლაპარაკებებისას ბლოკებთან დაკავშირებით ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა, „ლელო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიდის
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს.
მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დროს ბლოკებთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.
შესაბამისად, უსუფაშვილის განმარტებით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში იქნება წარდგენილი, მხოლოდ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილს უნდა შეეხოს.
„ბლოკების გამსხვილებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან „ლელო“ არის პარტია და პარტია მიდის არჩევნებზე. ამიტომ ვინც ბლოკებში ერთიანდება, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ბლოკებთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა, კონსტიტუციაში წერია, რომ ბლოკები დაშვებულია. ჩვენ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობდით იმ თემებზე, რაც უნდა შეცვლილიყო კონსტიტუციაში. შესაბამისად შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, ეხება საკითხებს, რომელთა შეცვლაა განზრახული. რაც შევა პარალამენში საკონსტიტუციო ცვლილების სახით, უნდა შეეხოს იმ შეთანხმებულ ნაწილს, რომელზეც ხელია მოწერილი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რომელ პარტიასთან არ ითანამშრომლებს „ლელო საქართველოსთვის“, უსუფაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი არჩევნებიდან გამომდინარე გადაწყდება.
„ლელო“ მიდის არჩევნებზე დამოუკიდებლად, მას ექნება ურთიერთობა იმ ძალასთან ან ძალებთან, ვინც ყველაზე მეტად მოგვეხმარება ჩვენი პროგრამის შესრულებაში, ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით კი დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ საკითხი შეთანხმების გზით უნდა გადაწყდეს.
„შეთანხმება ითვალისწინებს თანაბარი რაოდენობის ამომრჩევლის არსებობას 30 ოლქში პლუს-მინუს 15 პროცენტით. ამ მიდგომით, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა თუ გაიყოფა 30-ზე და მიღებული რიცხვი შემდეგ იქნება თბილისის ამომრჩევლების ამ ოლქების განმსაზღვრელი რიცხვი, თბილისს ეკუთვნის რვა ან შვიდი მანდატი. შეთანხმებაშია ჩადებული, მანდატის მიკუთვება გახდება თუ არა საჭირო რომელიმე ისეთი რეგიონისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კომპაქტური დასახლების გამო საჭიროა მათი ინტერესების გათვალისწინება ან გახდება თუ არა პრობლემა რომელიმე მთიანი რეგიონის ოლქად დაყოფა. შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში შვიდი იყოს თბილისში, სხვა შემთვევაში, თუ ყველაფერი სწორად, 15 პროცენტიანად დაიყო, მაშინ რვა ეკუთვნის. შეთანხმებაში ჩაწერილია, რომ 15 პროცენტიანი ზღვრული გადახრიდან გამონაკლისი შეიძლება იყოს დაშვებული მთიანი რეგიონისთვის ან ეთნიკური უმცირესობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
შეთანხმებაში წერია, რომ საკონსტიტუციო პროექტის პარლამენტში ინიცირების შემდეგ, 10 დღეში უნდა მოხდეს ამ თემაზე შეთანხმება და ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ეს საკითხი გადაწყდება შეთანხმებით. ამიტომ პირველ ვერსიას რასაც წარმოადგენს ხელისუფლება, ჩვენ იმას ჩავხედავთ და გვექნება ჩვენი პოზიციები. ჩვენ მარტო თბილისს არ უნდა შევხედოთ, ჩვენ უნდა შევხედოთ ოცდაათივე ოლქს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი კანონპროექტს ოპოზიციამ , უსუფაშვილმა უპასუხა, რომ შეთანხმება არ უნდა დაირღვეს.
„ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, ეს არ არის თამაში, ეს არ არის, რომ ორმა ადამიანმა ნიძლავი დადო, შემდეგ ერთი დაარღვევს ან არ დაარღვევს შეთანხმებას. ქვეყანას ეხება საქმე, შეთანხმება უნდა შესრულდეს. მე არ ვიხილავ იმ თემებს, რა მოხდება, თუ ეს არ შესრულდება. არა, მე ვიხილავ იმ თემებს, რომ ეს უნდა შესრულდეს და ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ შესრულდეს, ეს სჭირდება ქვეყანას. ჩემს კერძო საქმეზე არ შევთანხმებულვარ ვინმესთან, რომ შემდეგ სიტყვა დავარღვიო და ჩემი პერსონალური პრობლემა იყოს. ჩვენ შევთანხმდით ქვეყნის საქმეზე, ამიტომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.