დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ პარტიული სია უკვე დადგენილი კვოტირების მოდელით დაკომპლექტდება
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ პარტიული სია უკვე დადგენილი კვოტირების მოდელით დაკომპლექტდება

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზითაა დადგენილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ასე მიაჩნიათ სწორად.

„მიუხედავად იმისა, რამდენად დაჩქარებულად და როგორ განხორციელდება „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ შეთანხმება გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, „ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზითაა დადგენილი. ეს არა იმიტომ, რომ თავის დროზე მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია. გავა წლები, ეს აღარ იქნება საჭირო და აუცილებელი. ამ პროექტს დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი. „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განზრახვა. ამიტომ მე და „ლელო“ ხელს ვერ შეგიშლით ამ განზრახვის რეალიზებაში, მაგრამ თქვენ ხელს ვერ შეგვიშლით იმ მოდელის პრაქტიკაში დაცვაში, რაც სწორად მიგვაჩნდა დღემდე. დანარჩენს ამომრჩეველი განსჯის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს. მანამდე „გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას თუ დაუჭერს მხარს, „გირჩი“ „ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ ნორმალურ კანდიდატს, მათ შორის კალანდარიშვილს, მხარს დაუჭერს“.