დავით უსუფაშვილი - მე და „ლელო“ არაფერს დავიშურებთ, რომ ვიხილოთ აქტიური საარჩევნო კამპანია, აქტიური შეჯახება და გლადიატორების ბრძოლა საქართველოში
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის და მისი პარტია ყველაფერს გააკეთებენ, რათა საარჩევნო სისტემაზე გონივრული შეთანხმება შედგეს, თუმცა მისივე თქმით, ამისთვის ცოტა დროა დარჩენილი.
„ქვეყანა ჩიხში შევიდა 13 თუ 14 ნოემბერს, როდესაც პროპორციული სისტემა ჩავარდა. მას შემდეგ არის ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა. ამ მცდელობაში ოპოზიციური ძალები ვართ უფრო თანმიმდევრული, მონდომებული და მოწადინებული. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაში აქტიურად ჩაება საერთაშორისო თანამეგობრობა, გაჩნდა ჩიხიდან გამოსვლის გარკევული იმედები, მაგრამ ამისთვის დრო ცოტაა დარჩენილი. ეს ყველას ესმის. პირადად მე და „ლელო“, პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ გონივრული შეთანხმება იქნას მიღწეული და ვიხილოთ აქტიური საარჩევნო კამპანია, აქტიური შეჯახება და გლადიატორების ბრძოლა საქართველოში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად.
„ჩვენ ამ გზაზე შესაშური მოთმინება და ერთმანეთის ატანა გამოვავლინეთ. ამ წუთამდე ვართ შეთანხმებული, მწყობრი ნაბიჯით მივიწევთ და იმედია, შედეგი იქნება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, დიალოგში შემოსვლა ხელისუფლებას არ უნდოდა, მაგრამ მოუწია.
„დიალოგის პროცესში ჩვენ ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა. სამი სხვადასხვა გამოსავალი შევთავაზეთ მათ წინადადებებზე. 100/50 როცა თქვეს, აქაც მივანიშნეთ ამ ნაბიჯის გადადგმა რა ბალანსით შეიძლებოდა ანუ ეს არის ის ბალანსი, რომელიც 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მისცემს საშუალებას, იყოს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მარტივია ეს ფორმულა და აქ რიცხვებში არ არის საქმე, პრინციპშია საქმე. ეს ყველაფერი მათთვის ცნობილია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დღეებში შესაძლოა, საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების ბოლო მცდელობას ჰქონდეს ადგილი.
„ოღონდ არა იმ რაუნდების ფარგლებში. იმ რაუნდებში ამოწურულია ყველაფერი“, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.