დავით უსუფაშვილი - ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპა საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემაზე როდესაც წერდა, მმართველ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს გულისხმობდა
დავით უსუფაშვილი - ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპა საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემაზე როდესაც წერდა, მმართველ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს გულისხმობდა

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ როდესაც ევროპა საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემაზე წერდა, მმართველ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს გულისხმობდა?!, – ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, თუ უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი მისაღებია ევროკომისიისთვის, რატომ არ შეიძლება, უკვე მოწონებული კანონის ქართული ანალოგი ამოქმედდეს საქართველოში, მით უმეტეს, თუ ვენეციის კომისიისგანაც დადებითი შეფასება იქნება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მივიღოთ კანონი, რომელიც არა კონკრეტულ ადამიანებზე იქნება მორგებული, არამედ სისტემური პრობლემის აღმოფხვრაზე.

„ვინმეს, ვინც მოვლენებს თვალს ადევნებს, მიუხედავად იმისა, ეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეჭვი ეპარება, რომ ევროპა, როდესაც ამას წერდა, საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემას, გულისხმობდა მმართველ პარტიას და მის არაფორმალურ ლიდერს?! ეს არავისთვის ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ევროპამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერა პირდაპირ გვარი და სახელი, ეს პრობლემააო.

„ოცნება“ ამბობს, გადავალაგე ფურცლები და რაღაცები, ვიპოვე კანონი უკრაინაში და ეს ისეა დაწერილი, ჩემი აზრით, ივანიშვილს არ ეხება, ამიტომ, მოდით, ეს მივიღოთო. ახლა, საბავშვო ბაღში ვართ და დამალობანას ვთამაშობთ, დაჭერობანას, ომობანას, თუ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ?! უკრაინამ ეს კანონი შარშან ამ დროს მიიღო, როცა არანაირ კანდიდატობაზე არ იყო ლაპარაკი. კიდევ რას გვეუბნებიან, ეს კანონი კი დავარეგისტრირეთ, მაგრამ ჯერ არ მივიღებთ, სანამ ვენეციის კომისია უკრაინის კანონზე დასკვნებს არ გამოტანსო. ის დასკვნა უკრაინაზე იქნება, უკრაინაში არსებულ პრობლემას ის კანონი წყვეტს, თუ ვერა, მაგრამ საქართველოში არსებულ პრობლემაზე უკრაინის პრობლემას წყვეტს, თუ ვერ წყვეტს, ეს როგორ უნდა გაავრცელონ აქ? ამ რაღაც ხლართებში არიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლება მართლა გადადგამს ნაბიჯებს და ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან 11 რომ შესრულდება, მერე შეიძლება, პოლიტიკური სპექტრი დაჯდეს და იფიქროს, რა არის მოსაწესრიგებელი კანონის დონეზე დეოლიგარქიზაციის კუთხით.

„ამიტომ არის, „ლელო“ რომ ამბობს, კანონპროექტით ეს საკითხი ვერ მოგვარდებაო. კანონპროექტში არც ბიძინა ივანიშვილის სახელ-გვარი არ უნდა ჩაიდოს და არც არავისი. ეს მოვლენას უნდა შეეხოს. ოლიგარქიის მოვლენა რა არის? – რომ კულუარულად ხდება მმართველობა და კულუარულ მმართველობას კულუარულად ხომ არ შეებრძოლები? კანონით შეებრძოლები და კანონით ეს არ ჩანს. სინამდვილეში, ეს პრობლემა მოგვარებადია. დეოლიგარქიზაციის საკითხს ერთი ცალი მოქალაქის ერთი ცალი რეალური და გულწრფელი განცხადება კმარა. იმ მოქალაქეს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.