დავით თვალაბეიშვილი - ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომა უმნიშვნელოვანესია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა საპროექტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
სამინისტროს ცნობით, დავით თვალაბეიშვილმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა KfW-ის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი და ბანკის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, პროექტები, რომლებიც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომით ხორციელდება, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და სხვა, არის იმ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორში ახორციელებს.
„იმ ფონზე, როცა ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ამისთვის ჩვენს ქვეყანაში შენდება გენერაციის ობიექტები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოებული ელექტროენერგიის ხარისხიანი გადაცემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და ჩვენ ამ მიმართულებასაც ვავითარებთ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ეს არის ნაბიჯები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის და რომლებსაც მივყავართ საქართველოს სრულ ენერგოდამოუკიდებლობამდე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დავით თვალაბეიშვილის თქმით, „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ერთ-ერთი მიმართულებაა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ელექტროგადამცემი ქსელის სრული რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში, როგორც ქსელის გაჯანსაღების, ასევე ქვესადგურების რეაბილიტაციის კუთხით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს. პროექტები აქტიურ ფაზაში 2020 წელს შევა, ხოლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.
გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების – ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ. 5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ქ. ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას. 20 მილიონი ევრო – „პროფესიული განათლების პროგრამა – I“ პროექტის ფარგლებში, მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას.
დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა , დაახლოებით, 345 მილიონ ევროს შეადგენს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.