დავით თვალაბეიშვილი - მზად ვართ, ვეცადოთ, გამოვნახოთ კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას“ მიერ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება
დავით თვალაბეიშვილი - მზად ვართ, ვეცადოთ, გამოვნახოთ კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას“ მიერ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება

მზად ვართ, ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ფრონტერას“ მოუწოდებენ, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა შედგეს.

„ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული მხარის მიერ იყო დაყენებული, პოზიტიური გადაწყვეტილება იყო მიღებული. მისი მიღების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. მათივე ცნობით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.