დავით თარხან-მოურავი - „ნაცმოძრაობამ“ და ბოკერიამ სასაცილო ტყუილები გამოაცხვეს, ვითომ რუსეთი გვაძლევს ფულს, ამის მიზეზი რეიტინგია, გულზე სკდებიან
„ნაცმოძრაობამ“ და ბოკერიამ სასაცილო ტყუილები გამოაცხვეს, ვითომ, რუსეთი გვაძლევს ფულს, ამის მიზეზი რეიტინგია, გულზე სკდებიან, ამიტომ ილაპარაკონ, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ოპონენტთა განცხადებებს „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არანაირი მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე არ დაწყებულა და არც რამე დანაშაულია ჩადენილი.
„არანაირი მოკვლევა არ დაწყებულა. რამე დანაშაულია ჩადენილი? მგონი, არაფერი. საკმარისი არ არის დაგვაფინასოს, მაგალითად ინჯიამ? არ შეუძლია ხუთი პარტიის დაფინანსება? საკმარისი არ არის მისი დაფინანსება? მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ. „ნაცმოძრაობა“ და ბოკერია ცდილობენ რაღაცას. სასაცილო ტყუილები გამოაცხვეს, ვითომ, რუსეთი გვაძლევს ფულს. ყველაფერი საჯაროა. რამე დანაშაული ჩავიდინეთ? ეს უნდა ვკითხოთ „ნაცმოძრაობას“, რომელიც მარტო მოსყიდვით ცხოვრობს. „დოსიე“ არ არის არც საინფორმაციო გამოცემა და არც ანალიტიკური, უყურეთ ჩვენს მასალებს. ეს არის ყალბი სააგენტო, რომელსაც უწერია, რომ არანაირ ინფორმაციაზე პასუხს არ აგებს. „დოსიეზე“ წერია, რომ ჩვენ აგვისტოში ცარიელი პარლამენტის პიკეტირება უნდა მოვაწყოთ, სადაც არავინ არის, ამას ჭკუათმყოფელი კაცი დაწერს? თანაც აჭარლები უნდა ჩამოვიყვანოთ. სადმე რამე ხარჯი ნახეთ? ჩვეულებრივი ლაყბობაა ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს ხდება არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მეხუთე ადგილზე და ჩვენ ვართ პირველზე. გვიპასუხონ, თვითონ საიდან ფინანსდებიან. შურთ, ხალხს ვერ აგროვებენ, მიტინგს ვერ აწყობენ, გულზე სკდებიან, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ამიტომ, კარგია, ილაპარაკონ. რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტ სისულელეს, კრეტინობას იტყვიან და უფრო კარგ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოძიების მოთხოვნითაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას მიმართა. მისი ინფორმაციით, ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსული დაფინანსება მიიღო.