საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი მიესალმება გადაწყვეტილებას, მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს გარკვეული შეღავათები შეუნარჩუნდეთ
მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუჩნდეთ მუშაობის დაწყების მოტივაცია, ეს დადებითად აისახება როგორც მოქალაქეებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე“, – ეს განცხადება საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველმა, მარისოლ ტურენმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის სარგებელი შეუნარჩუნდებათ.
პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას, მეორე წელს კი შეუნარჩუნდებათ არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.
„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრობლემა საფრანგეთშიც არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა იმ ბენეფიტების ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ამ გზით მოქალაქეები უფრო დაცულად გრძნობენ თავს და უჩნდებათ მუშაობის მოტივაცია“, – განაცხადა მარისოლ ტურენმა.
შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის. მისი თქმით, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.
ოფიციალური შემოსავლის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, პროგრამის მონეტარული კომპონენტი – ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ხოლო მეორე წელს – შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები.