დავით სერგეენკომ ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.
მინისტრის განცხადებით, პაციენტს აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება მიმდინარეობს.
„მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრი განმარტავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში გადაწყდება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პენიტენციური დაწესებულებიდან წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით 15 თებერვალს გადაიყვანეს.