დავით სერგეენკო - ზოგ კერძო კლინიკას გადაჭარბებული შეხედულება აქვს სასწრაფოს მიერ პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნესინტერესებთან
ზოგ კერძო კლინიკას სასწრაფო დახმარებით პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან გადაჭარბებული შეხედულება აქვს. ამოსავალი წერტილი პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლაა, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პაციენტის გადაყვანის დროს ორი პრინციპი გამოიყენება, ერთი ტერიტორიული და მეორე საჭირო პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა.
„ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება, რადგან იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, ერთობლივი სქემებია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან სინქრონიზებულია. განსაკუთრებით წლევანდელი წლის დასაწყისიდან ეს სქემები აქტიურად მუშაობს. მაგალითად ახალი ვალდებულებები შემოვიდა, რომ კლინიკას, რომელსაც გადაუდებელი მიღება აქვს, ამის შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება უნდა ჰქონდეს. რომელსაც არ აქვს, მათთან სასწრაფო დახმარება პაციენტს აღარ მიიყვანს. წლის დასაწყისიდან ეს ასეც ხდება და შეიძლება ზოგი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი ეს სიახლე გახდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.