დავით სერგეენკო - ვინც ცესკო-ს გაჰკარებია, ყველას მიმართ უნდობლობა არალოგიკურია, თავმჯდომარის არჩევის პროცესში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში. ამ შეთანხმების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს ხმების ძალიან მაღალი პროცენტი მისაღები და ამ პროცესში ოპოზიციამ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვინც კი ცესკო-ს გაჰკარებია, ყველას მიმართ უნდობლობა არალოგიკურია.
„ისეთი პოზის დაჭერა, რომ ხმას არ მივცემთ და ვინც არ უნდა იყოს, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იქნება, არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. მათ საკუთარი არგუმენტები უნდა თქვან და პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ცესკო-ს მიმართ, როგორც ინსტიტუციის მიმართ უნდობლობა უკვე ზედმეტია. მისი ყოფილი თავმჯდომარის მიმართ უნდობლობა აგრესიული ფორმით გამოხატეს და ამ ადამიანმა თანამდებობა დატოვა. ვინც კი ცესკო-ს გაჰკარებია, ყველას მიმართ უნდობლობა არალოგიკურია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.
საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.
საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ.