დავით სერგეენკო - უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისგან მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა მოვისმინეთ, კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს „ქართული ოცნების“ კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ, რაც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ წაადგებათ.
დეპუტატის განცხადებით, ამომრჩევლის ხმების მისაღებად, მათ საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინონ.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, მისთვის პარტიიდან ექვსი დეპუტატის წასვლა მოულოდნელი იყო, რადგან წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა.
„ეს არ ყოფილა გადინების პირველი ეტაპი, ეს იყო ერთჯერადი ქმედება. ამ ადამიანებმა უნდა აგვიხსნან და დაგვარწმუნონ თავისი ნაბიჯების სისწორეში, სხვა მხრივ უფრო მეტი კითხვა იქნება, ვიდრე პასუხები. მთავარი კითხვაა – ახალი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს საზოგადოებას. რაც ბოლო დღეებში მოვისმინეთ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა იყო. კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა ძალიან ძნელი. ამ ხალხმა აგვიხსნას, რას აპირებენ და რას გეგმავენ”, – განაცხადა სერგეენკომ.