დავით სერგეენკო - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე პირველი სიტყვა საქართველოს ეკლესიამ უნდა თქვას
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე პირველი სიტყვა საქართველოს ეკლესიამ უნდა თქვას.
„მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას“, – განაცხადა სერგეენკომ.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის 27 დეკემბერს გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს, 27 დეკემბრის სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.