დავით სერგეენკო - ბოლო სამ წელიწადში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით ვაქცინაციის დამსახურებით
30 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში პირველად მოხდა, რომ ბოლო სამ წელიწადში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით სწორედ ამ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით, – ამის შესახებ ჯანდავის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრი აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.
„20 მარტიდან უკვე ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდე პერიოდში, ამ ვაქცინას არც ერთი გართულება არ ჰქონია და უფრო მეტიც, ყველას ვთხოვ, რომ ყურადღებით მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით, სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით. ეს არის პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც წელიწადში 5-6 ადამინაი გარდაიცვლებოდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კომუნიკაცია იყო და დღესაც ჰქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან.
„მათ დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, მოხსნილია დღის წესრიგიდან. ჩვენ მათ ძალიან მკაფიო განმარტებები მივეცით და დღესაც დამიდასტურეს, რომ ეს საკითხი საერთოდ აღარ არის დღის წესრიგში. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწვალობენ ბევრ სხვა ფინანსური პარამეტრებითაც“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მოუწოდა მედიას, რომ ამ თემებზე საუბრისას გზავნილები უნდა იყოს ძალიან მოზომილი.
„ერთ მაგალითს გეტყვით, როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო წითელას აფეთქება და ეს იყო არაიმუნიზირებული ფენა, ვისაც 15-30 წლის ასაკში, 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა. სახელმწიფომ გადაწყვიტა მასიური ვაქცინაცია, მხოლოდ ერთმა სიუეჟეტმა, რომელიც გავიდა მაშინდელ მედიაში და ემსახურებოდა იმუნიზაციის დისკრედიტაციას, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი და შედეგად მივიღეთ 2013-2014 წლებში წითელას აფეთქება, როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვდა და მათგან ოთხი გარდაიცვალა.
ასე რომ, ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ეს არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებების გადასარჩენად და ყველას ვთხოვ, საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, ვაქცინაცია როგორც ტექნოლოგია არის უსაფრთხო და ეფექტური, იცავს დაავადებებისგან, ის ვაქცინები, რომელიც საქართველოშია, არის მაღალი ხარისხის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.