დავით სერგეენკო - სიტყვას კონტროლი სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჯარის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ქართული ჯარის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო.
მისივე თქმით, ჯართან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება ამ ინსტიტუტის უპატივმცემლობაა.
„ჩემი პროფესია არ არის მენტორობა, რომ ამ ადამიანს მივუთითო, საკუთარი აზრი სიტყვათა რა წყობით წარმოთქვას, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვალდებული ვარ, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო ჯარის მიმართ. ის ოფიცრები, რომლებიც ჯარში მსახურობენ, ისევ აგრძელებენ სამსახურს იმ პერიოდიდან, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ტილიან ჯარს ეძახის. სიტყვას კონტროლი უნდა, მეტი პატივისცემაა საჭირო ამ ინსტიტუტის მიმართ. მისი მხრიდან ეს სულ მცირე უპატივცემულობაა. არ შეიძლება, ასეთი სიტყვათა წყობით ჯარს მიმართო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს. მან ასევე მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.
„საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.