დავით სერგეენკო - საქართველოში ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი ევროპასთან შედარებით ორჯერ ნაკლებია
საქართველოში ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი ევროპასთან შედარებით ორჯერ ნაკლებია – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ორი სახის შეჯამებული ინფორმაცია. პირველი, ეს იყო ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, მისი აღწერა და ინვენტარიზაცია, ხოლო მეორე შეჯამებული ინფორმაცია – იყო სპეციალური მეთოდოლოგიით შესწავლა, თუ რამდენად არის ჩართული მოსახლეობა ჯანსაღი ცხოვრების წესში, ანუ ვინ რამდენად არის ფიზიკურად აქტიური. საშუალოდ ეს მაჩვენებელი ჩვენთან აღმოჩნდა 22% მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია. ამ ორი მონაცემის საფუძველზე ჩვენ ერთი თვის განმავლობაში უნდა მოვამზადოთ გეგმა, რომელიც ერთი მხრივ, შექმნის მოდელს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სწორი მენეჯმენტისთვის, ხოლო მეორე მხრივ, რადგანაც ეს მხოლოდ სპორტი არ არის და არის ფიზიკური აქტივობა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ქონდეთ საშუალება, თუნდაც ფეხით სიარულის, უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა. ამ ორი უკვე შესწავლილი პარამეტრის შეჯამებით ჩვენ უნდა დავდოთ ერთ თვეში გეგმა, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს სამი წლის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის გაორმაგება ქვეყანაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.