დავით სერგეენკო - სახელმწიფო ინსტიტუტების აშკარა გამოწვევა არ შეიძლება, მათი მდგრადობა არის მნიშვნელოვანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო პერიოდში და დღეს განვითარებული მოვლენები სამი – სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო ნაწილისგან შედგება.
„ჩემი აზრით, ბოლო ორი ჭარბად არის წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოს აქცენტი სამართლებრივზე და იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რათა პოლიტიკური და საინფორმაციო პუნქტები, რომლებიც ჭარბად არის, შემცირებული იყოს და აქცენტი გაკეთდეს სამართლებრივ ნაწილზე, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას. ოპოზიციის ნაწილისგან ძალიან მაღალი იყო ესკალაციისთვის მზადება ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ამიტომ, არჩევანი გაკეთდა სამართალებრივ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს, სერგეენკოს შეფასებით, იქნება შესაძლებლობა მათთან კომუნიკაციის, რათა ყველა დეტალზე მიეწოდოთ ინფორმაცია.
„ვფიქრობ, რომ იქნება იმის შესაძლებლობა, გაგრძელდეს კომუნიკაცია, რომ მათთვის ყველა დეტალი იყოს ცნობილი. მათი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გავიხსენოთ ის, რომ როცა ორი თვის წინ ოპოზიციის ყველა ფრთას მოუწოდებდნენ პარლამენტში შესვლისკენ, მაშინ მათ ნათქვამს ოპოზიციის მიერ ასეთი მნიშვნელობა არ ჰქონია. სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი აშკარა გამოწვევა არ შეიძლება, მათი მდგრადობა, განსაკუთრებით არსებულ პერიოდში, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.