დავით სერგეენკო - სახალხო დამცველი მეტად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ტრაგედიის კვალდაკვალ ასეთ მენტორულ განცხადებას გააკეთებს
სახალხო დამცველი მეტად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ტრაგედიის კვალდაკვალ ასეთ მენტორულ განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
სერგეენკოს თქმით, სახალხო დამცველის განცხადებაში ჩანდა, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება კაცთმოძულეა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს არ ეხმარება.
„ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვა ტრაგედიაა და მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, ასეთ ტრაგედიაზე ცალსახა განცხადებები მისაღები არ არის. უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს და განცხადება ისე გააკეთოს. თითქოს, საქართველოს ხელისუფლება კაცთმოძულეა და ამ ადამიანებს არ ეხმარება. მთელი ამ წლების განმავლობაში იქ მცხოვრებ ასეულობით ადამიანს დაუყონებლივ დახმარებას აღმოვუჩენდით ხოლმე. სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება, რომ დროებითი ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ენგურზე გადის, გავაქროთ. სხვა მხრივ, როგორც კი, ეს ადამიანები ჩვენამდე მოსვლას ახერხებენ, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. სახალხო დამცველი მეტად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ასეთი ტრაგედიის კვალდაკვალ ასეთ მენტორულ განცხადებას გააკეთებს“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, ნინო ლომჯარია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე.