დავით სერგეენკო - სურსათის უვნებლობის სამსახურის ახალი რეგულაცია ტყვიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს
სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ტყვიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
დავით სერგეენკოს თქმით, ტყვიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელი გეგმები ცნობილი უახლოეს თვეებში გახდება.
„ეს საკითხი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. უახლოესი თვის განმავლობაში შემეძლება, დეტალურად გითხრათ ტყვიასთან მიმართებაში წელს მიმდინარე გეგმა რაც გვაქვს. შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ნიუ იორკის შესაბამისმა სამსახურმა სუნელებში რკინის მაღალი შემცველობა აღმოაჩინა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს შეტანილი იყო. წინა მთავრობის სხდომაზე სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ტყვიის გავრცელებას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ხანდახან სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო საღებავს იმისთვის იყენებდნენ, რომ რაღაც პროდუქტები შეეღებათ და ამ საღებავში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო. წელს გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდთან ერთად დიდი კვლევა ტარდება, რის შემდეგავ სრული სურათი გვექნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მატების დროს მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება იშვიათად დგება.
„რაც შეეხება მკურნალობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ასეთი ტაქტიკა აქვს გამოყოფილი. რაღაც დონემდე თუ არის ტყვიის შემცველობა, პირი გარემო პოტენციურ ფაქტორებს უნდა მოცილდეს. მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ გარკვეული ზომის შემდეგ არის. რამდენადაც მე ვიცი, მკურნალობის ცოტა რაოდენობა ჩატარებულა იმიტომ, რომ ამის საჭიროება რეალურად იშვიათად დგება ხოლმე. ორგანიზმში ტყვიის ძალიან მაღალი კონცენტრაცია უნდა იყოს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ტყვიის შემცველობის მატება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ეთილირებული ბენზინი მოაცილეს და გარემოს დაცვის მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, ითვლებოდა, რომ ტყვიის პრობლემა მოაგვარეს. 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამაზე დიდი საერთაშორისო სემინარი იყო. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ თავს უსაფრთხოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს, რადგან ტყვიას აქვს თვისება, რომ ნიადაგში კუმულირებული ათწლეულების განმავლობაში იყოს და მისი დამაზიანებელი თვისება შეინახოს. ამიტომ 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვიასთან ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგიის გაწერა დაიწყო. ევროპის ყველა დიდ ქალაქს გარკვეულ ვალდებულებასავით აქვს, რომ იმ წუთის მდგომარეობა სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის ტყვიის შემცველობის მხრივ ნახოს. ვენა ერთ-ერთი ეტალონურად სუფთა ქალაქია, თუმცა თუ ინტერაქტიულ რუკაზე შეხვლთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნახავთ მინიმუმ ორ წერტილს ქალაქის ცენტრში, სადაც ტყვიის შემცველობა მაღალია”, – განაცხადა სერგეენკომ